მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორ სკამზე კი არ ვსხდებით, ვცდილობთ, მესამე სკამზეც მოვკალათდეთ - ექსპერტი ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

ღარიბაშვილი და ძინპინი
BM.GE
31.07.23 21:06
33

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველო-ჩინეთს შორის მიღებული სტრატეგიული ხელშეკრულება პოლიტიკურად საფრთხის შემცველია. როგორც მან “საქმის კურსში” სტუმრობისას აღნიშნა, ჩინეთის პოლიტიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

“ამ შეთანხმებით, გამოდის, ჩვენ ორ სკამზე კი არ ვსხდებით [რუსეთი და დასავლეთი], არამედ ვცდილობთ, მესამე სკამზეც მოვკალათდეთ და ეს გარკვეულ სტრატეგიულ რისკებს წარმოშობს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გაცხადებული გვაქვს, რომ გვინდა ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ და NATO ჩინეთს განიხილავენ როგორც სტრატეგიულ მეტოქეს”, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი ამბობს, გაუგებარია რა თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ ჩინურ და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, როდესაც საქართველოს მიზანი ევროინტეგრაციაა.

“გაურკვეველია პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობასა და მართვის სტილის გაზიარებაზე არსებული პუნქტი. ჩინეთი არის ერთპარტიული, კომუნისტური სახელმწიფო, საქართველო თითქოს ცდილობს ევროპული სახელმწიფო იყოს და ვერ ვიგებ, რა უნდა ვისწავლოთ ამ მმართველობის [ჩინური] სტილიდან”, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს. კორნელი კაკაჩიას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის კარგად გამოყენება.

"რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ურთიერთობას, ეს კარგია, თუმცა პოლიტიკური კუთხით, შეკითხვებს ბადებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში. თუ ჩვენ EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა გავხდებით, ევროკავშირი მოითხოვს, რომ ჩვენ ის პოლიტიკა აღვასრულოთ, რომელსაც ის ითხოვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელმაც ფორმალურად რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას. ის ასევე არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, ეს სვლა, საქართველოს საგარეო პოლიტიკას გარკვეულ ბუნდოვანებას მატებს. ფორმალურად ითვლება, რომ ჩვენ მივდივართ ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაგრამ რეალურად ზიგზაგებით კიდევ უფრო მეტი შეკითხვა რჩება, საით მიდის საქართველო და რა ტიპის პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება”, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას აფორმებს. მსგავსი კატეგორიის ურთიერთობა საქართველოს სულ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს, მათ შორის, წამყვანი აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის ქარტიაა. სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ სი ძინპინმა გააკეთა. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის თქმით, სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთის ლიდერისგან არ უნდა გაეგოთ და საქართველოს მთავრობა მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს.